"არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ"

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, დედაქალაქის მერ კახა კალაძეს არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ სანქციების ქვეშ მოექცეს.

„პრობლემას ვერ ვხედავ, არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული. არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ, როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კანონს იღებენ და ამის უფლება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს მთავრობის სახითაა წარმოდგენილი. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე სანქცია გამოიცეს. ხომ წარმოუდგენელია?! ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება.

პირიქით, უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები. კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ და პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.