მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო ნაბიულინას პირადი დაცვა გაუზარდეს

რუსეთს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ელვირა ნაბიულინას პირადი დაცვა მას შემდეგ გაუზარდეს, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს ძირითადი განაკვეთი რეკორდულ 20%-მდე გაზარდა.

ინფორმაციას The Economist ცენტრალური ბანკის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელს “ფოლადის ელვირას” ეძახიან და მის კაბინეტში შესვლა მეტად გავლენიან მამაკაცებსაც კი ეშინიათ.

“60 წლის ელვირა ნაბიულინა არის ტექნოკრატი სათვალეში, რომლის მოკრძალებული ქცევის უკან სასტიკი ინტელექტი და მიზანდასახულობა იმალება,” - წერს გამოცემა.

The Economist-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ნაბიულინა დიდ დროს ცენტრალური ბანკის შენობაში ატარებს, სადაც მისთვის გასახდელი, ქიმწმენდა და სილამაზის სალონიც კი მოეწყო.

“არსებობს ჭორები, რომ ნაბიულინა მისი მოადგილეების დაკავებით დააშინეს, თუ ის ეკონომიკის დასაცავად პოსტზე არ დარჩებოდა. როგორიც არ უნდა იყოს მისი მოტივაცია, ის რუსულ ბანკებს თავდაპირველი შოკის შერბილებაში დაეხმარა,” - წერს გამოცემა.

ცნობისთვის: ამჟამად რუსეთში განაკვეთი კვლავ მეტად მაღალი, 16%-ია, ხოლო 16 მაისს ნაბულინამ განაცხადა, რომ თუ წლის მეორე ნახევარში სიტუაცია არასტაბილური იქნა, კერძოდ, შრომის ბაზარზე მზარდი დაძაბულობის, ასევე, მოხმარების, ინვესტიციებისა და კრედიტების გაფანტვის პირობებში ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი შესაძლოა, 17%-მდე გაზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ