„ქართველი მძღოლები გარბიან ევროპაში“ - რა გამოწვევები აქვთ საავტომობილო გადამზიდავებს

„ქართველი მძღოლი გარბის საქართველოდან“ – „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო გადამზიდავების პრობლემებზე „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი საუბრობს.

ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოდან საავტომობილო ტვირთის გადამზიდავები სამუშაოდ ევროპაში მიდიან. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

„ეს ადამიანები ევროპაში მიდიან, რაც არის აუნაზღაურებელი დანაკარგი. ლოგიკურად, ისმის შეკითხვა, რატომ მიდის ქართველი გადამზიდავი უცხოეთში? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთი ორგანიზაციული ხასიათისაა, რომ ხშირ შემთხვევაში ქართველი გადამზიდავი არის მანქანის მფლობელიც და მძღოლიც. ის ყიდულობს ძველ მეორად მანქანას, რომელიც თითქმის რესურსამოწურულია და იმისთვის, რომ იყიდოს ეს მეორადი მანქანა, უნდა აიღოს სესხი, სესხის პროცენტი არის 20%“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, ქართველი გადამზიდავი ბაზარზე გადის მოძველებული სატრანსპორტო საშუალებით, მან კონკურენცია უნდა გაუწიოს თურქ გადამზიდავს, რომელიც ახალ ავტომობილს ყიდულობს, ეს კი მაშინ, როცა სესხის პროცენტი თურქეთში 3%-ია.

ცაგარეიშვილმა ისაუბრა მეორე ფაქტორზეც. მისი თქმით, ქართველი გადამზიდავი ევროპის ბაზარზე ვერ შედის, რადგან ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულია მრავალჯერადი ნებართვების გაცემა.

„ქართველი გადამზიდავი ვერ შედის ევროპულ ბაზარზე იმიტომ, რომ შეზღუდულია სახელმწიფოს მხრიდან მრავალჯერადი ნებართვების გაცემის შესაძლებლობა. მხოლოდ 1 300 ნებართვა გაიცემა და ბაზარზე 16 000 მანქანაა. ბუნებრივია, ის ვერ შევიდა რა ევროპაში, სესხით ნაყიდი აქვს მანქანა, სხვა ღონისძიება უნდა განახორციელოს. ის შედის ისეთ დაბალმომგებიან ბაზარზე, როგორიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, რომლებიც გაჯერებულია მანქანების რაოდენობით“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

ცაგარეიშვილის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ბაზრები დაბალმომგებიანია, ამასთანავე ამ ქვეყნებში საავტომობილო გადამზიდავების ჭარბი რაოდენობაა და შესაბამისად, მაღალი კონკურენციაა. ამ ფონზე ქართველი რესურსამოწურული ავტომობილით შედის ბაზარზე და კონკურენციას ვერ უწევს კონკურენტებს.

„რესურსამოწურული მანქანით შედის ბაზარზე. გართულებულია ნებართვების აღება და ამან კორუფციული ელფერი მიიღო. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ქართველი მძღოლი 1-2 წელში იწყებს მანქანის რეალიზებას, ან ნაწილებად დაშლას და ფიქრობს, წავიდეს ევროპაში და იქ ეძებოს სამსახური. სიტუაცია არის სავალალო და გამოსავლის პოვნა არის კომპლექსური“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა. ცაგარეიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართველი გადამზიდავის კონკურენტუნარიანობა აამაღლოს.

მერი ტაბატაძე