თურქეთში ინფლაცია კვლავ დაჩქარდა და 75%-ს გადააჭარბა

თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა მაისში 2022 წლის ნოემბრის შემდეგ მაქსიმუმს კიდევ ერთხელ მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის (Turkstat) ანგარიშში წერია.

მაისში ინფლაციამ წლიურად 75,45% შეადგინა, მაშინ, როცა აპრილში 69,8% დაფიქსირდა. Trading Economics-ის ანალიტიკოსები წლიური თვალსაზრისით ინფლაციის ოდნავ ნაკლებ, 74,8%-მდე დონეს მოელოდნენ.

მაისში თურქეთში კომუნალური მომსახურების ღირებულება წლიური თვალსაზრისით 93,21%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა თვეში ეს სერვისი 55,55%-ით გაძვირდა.

სურსათზე ფასებმა 70,1%-ით, ხოლო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 50,9%-ით მოიმატა. ასევე, 69,3%-ით გაძვირდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხოლო კაფეებსა და რესტორნებში ფასები 92,9%-ით გაიზარდა.

Turkstat-ის მონაცემებით, საბაზისო ინფლაცია, რომელიც საკვების, ენერგომატარებლების, ალკოჰოლის, თამბაქოს ნაწარმისა და ოქროს ღირებულებას არ ითვალისწინებს, ერთი თვის წინანდელი 75,81%-დან მაისში 74,98%-მდე შემცირდა.

თურქეთში სამომხმარებლო ფასების ყოველთვიურმა ზრდამ, აპრილის 3,18%-თან შედარებით, მაისში 3,37% შეადგინა.

სამეწარმეო ფასები, ანუ PPI-ინდექსი წლიური თვალსაზრისით მაისში 57,68%-ით, ხოლო თვიური თვალსაზრისით 1,96%-ით გაიზარდა. აპრილში ეს ფასები წლიური თვალსაზრისით 55.66%-ით, ხოლო თვიური გამოხატულებით 3.6%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ