ახალი ავიაკომპანიები, რომლებმაც საქართველოში ფრენების განხორციელება დაიწყეს

წარმატებით გრძელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესი, ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 34%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-აპრილში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.

“ღია ცის“ პოლიტიკის უზრუნველყოფის ფარგლებში, 2023 წელს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ შემდეგი ახალი ავიაკომპანიები: Wizz Air Malta, IndiGo, SunExpress, Iraqi Airways, Air Centrum, Flyone, Azimuth Airlines, Red Wings და Armenian Airlines.

გასული წლის განმავლობაში, ფრენები დაიწყო ახალი მიმართულებებით: ქუთაისი-ჰამბურგი-ქუთაისი; ქუთაისი-მადრიდი-ქუთაისი; ქუთაისი-ფრანკფურტი-ქუთაისი; ქუთაისი-ბრიუსელიქუთაისი; ქუთაისი-პოზნანი-ქუთაისი; თბილისი-დელი-თბილისი; თბილისი-ერბილითბილისი და სხვა.

მიმდინარე წელს, მაისის მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა ვენა-თბილისი-ვენის საჰაერო ხაზზე. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყეს თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET-მა და ირანულმა Iran Airtour Airlines-მა.

პოზიტიური მოლოდინებია მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის აქტიურ პერიოდთან მიმართებაში. 2024 წლის ივნის-ოქტომბერში დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი − 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს,”- ნათქვამია მოხსენებაში.

თაია არდოტელი