წინა თვესთან შედარებით, მაისში ფასები ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებსა და თამბაქოზე გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის მაისში ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის მაისის ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მაისში 2015 წლის აპრილთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8 პროცენტით გაიზარდა. 2014 წლის მაისთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 9,0 პროცენტით, ხოლო 2005 წლის საშუალოსთან შედარებით - 79,8 პროცენტით.

"2015 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 0,7-პროცენტიანმა მატებამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 0,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე (6,2 პროცენტი) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (0,8 პროცენტი). ფასების შემცირება დაფიქსირდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-2,0 პროცენტი)", - ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. "დამამუშავებელი მრეწველობა - ფასები 11,1 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 9,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (16,9 პროცენტი), ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (30,4 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (4,0 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები შემცირდა 2,7 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე - 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.