შემოვა ახალი პროფესია - რამდენ ხანში ერთხელ იქნება ენერგოაუდიტის ჩატარება სავალდებულო?

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ განაცხადა, ცვლილებები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, 2022 წელს მიღებული ენერგოეფექტურობის ახალი დირექტივიდან გამომდინარე, საჭიროა მოქმედი კანონი მასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილება რაც კანონპროექტში აისახა ეს არის „ენერგოაუდიტორის“ ტერმინი.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ენერგოაუდიტი გათვალისწინებულია და ყველა პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია 4 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს ენრგოაუდიტი, არ იყო გათვალისწინებული უშუალოდ ვის უნდა განეხორციელებინა ეს პროცესი. ენერგოაუდიტორის ცნების შემოტანა გულისხმობს სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ იურიდიულ პირს ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირს. აღნიშნული ტერმინის შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე გაჩნდება ახალი პროფესია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, ენერგოაუდიტი განხორციელდება საწარმოებში, სადაც ენერგიის მოხმარება არის მაღალი, იგი სავალდებულო იქნება და ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.

კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის ვალდებულებიდან, რომ სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული ფართების 1% უნდა გახადოს ენერგოეფექტური, წარმოდგენილი კანონპროექტით, ეს ფართობი განისაზღვრება 3 პროცენტით.

პროექტის თანახმად, „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა“ ჩანაცვლდება „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით“.

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.

ნინო ენუქიძემ კომიტეტს ასევე გააცნო მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი - „საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი - „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“.

მომხსენებლის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა 2019 წლიდან მიმდინარეობს, 15 საჯარო განხილვა გაიმართა და ამ პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი, ბიზნესის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მისივე განმარტებით, 2017 წელს საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წევრი და აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ამ დოკუმენტის მიღება.

„სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, მოკლე და გრძელვადიან პერიოდში ყველა მომხმარებლისათვის სამართლიან ფასად სხვადასხვა სახის ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება. რაც შეეხება დანართს - „ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმას“, დოკუმენტში განხილულია მიმდინარე ენერგეტიკული სისტემების საკითხები და ენერგეტიკის და კლიმატის პოლიტიკა. გეგმა ეფუძნება 2030 წლისათვის ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მისაღწევ მიზნებს“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.

თაია არდოტელი