„წელს ცხელ ზაფხულს გვპირდებიან, ველოდებით ბევრ დამსვენებელს“ - როგორია მოლოდინი აჭარაში

ზაფხულის ტურისტული სეზონი მალე აქტიურ ფაზაში შევა. როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი ტურისტები საქართველოში დასვენებას უკვე გეგმავენ. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ზაფხულის სეზონი აჭარაში და გაზრდილია თუ არა ჯავშნების რაოდენობა.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას HORIZON COMFORT BATUMI-ის მარკეტინგის მენეჯერი ლუკა მემარნე აცხადებს, რომ სასტუმროში ჯამში 50 ნომერია, დატვირთულობა კი სეზონის დასაწყისისთვის მაღალია. აღნიშნულ სასტუმროს ძირითადად უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ, მათი უმეტესობა კი თურქი ტურისტია.

„დაახლოებით გვაქვს 50 ნომერი. შემიძლია გითხრათ, რომ 2 დღის წინ თითქმის სრულად იყო ამოყიდული ჩვენი ნომრები, დარჩენილი იყო 4-5 ნომერი. ეს არის ივნისის მონაცემები. ზოგადად, აპარტ-ჰოტელში დაახლოებით 42-48 ნომერი სულ დაჯავშნილია. იმედი გვაქვს დატვირთულობა მაღალი იქნება შემდეგ თვეებშიც“, - ამბობს ლუკა მემარნე.

წელს დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის ბათუმში არსებული სასტუმრო LIBERECO. მისი დირექტორი გიორგი ფუტკარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ჯავშნების რაოდენობა შემცირებულია. სასტუმრო მიმდინარე სეზონზე უარყოფითი მოლოდინები აქვს.

„შარშანდელთან შედარებით ძალიან დიდი შემცირებაა. თითქმის განახევრებულია ჯავშნების რაოდენობა. ჯავშნების გაუქმება არ მომხდარა. ძირითადად უცხოელები გვსტუმრობენ. ზაფხულისთვის მოლოდინები ცუდი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.

კვარიათში მდებარე სასტუმრო „ნეპტუნი“ სეზონის დასაწყისისთვის 40%-ით არის დატვირთული. სასტუმროს მენეჯერის, ქეთევან მიქაბერიძის განცხადებით, წელს ცხელ ზაფხულსა და სტუმრების დიდ რაოდენობას ელოდებიან, თუმცა სასტუმროს დატვირთულობა წინა წელთან შედარებით ჯერჯერობით არ გაზრდილა.

„ივნისიდან იწყება ჩვენთან სეზონი. ახლა დატვირთულია სადღაც 40% და ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე სრულად ვიქნებით სავსე. წინა წელთან შედარებით, ამ ეტაპზე გაზრდილი არ არის ჯავშნების რაოდენობა. მოლოდინები გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე შარშან იყო, იმიტომ, რომ უფრო ცხელ ზაფხულს გვპირდებიან და ვფიქრობ, უფრო მეტი დამსვენებელი იქნება. დამსვენებლების 80% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი 20% უცხოელი ტურისტები, დიდი ხანია სასტუმრო არსებობს და ძირითადად უკვე ჩვენი მომხმარებლები გვყავს“, - განაცხადა ქეთევან მიქაბერიძე.

ქობულეთში DREAMLAND OASIS HOTEL-ში ჯავშნების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ 20 ივნისიდან აქტიურ ფაზაში შევა სეზონი. შესაბამისად, ჯავშნების რაოდენობის ზრდასაც ამ დროიდან ელოდებიან.

„ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთულობა იგრძნობა უკვე. ამინდებიც ხელს გვიწყობს და ველოდებით, რომ ჯავშნების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 20 ივნისის შემდეგ საკმაოდ არის ჯავშნები და ამ პერიოდიდან გვაქვს მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევა. ჩვენი დამსვენებლები ძირითადად არიან ადგილობრივები“, - აღნიშნავს ნია პატარაშვილი.

მერი ტაბატაძე