Spotlight Tech 2024-ზე საქართველოს ბანკის იდეათონის გამარჯვებულები   გამოვლინდნენ

1-2 ივნისს თბილისში Spotlight Tech 2024 გაიმართა. ღონისძიებამ ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანები გააერთიანა და მათ შთამაგონებელი გამოსვლებითა და სხვადასხვა აქტივობით უმასპინძლა. საქართველოს ბანკმა კი, როგორც ღონისძიების წარმდგენმა, Spotlight Tech 2024-ის სტუმრებისთვის იდეათონი ჩაატარა.

შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 24 საათის განმავლობაში ემუშავათ საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი ფუნქციონალების ან პროდუქტების იდეებზე, რომელიც საბანკო ან არასაბანკო მიმართულებით მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებას დააკმაყოფილებდა.

იდეათონში 150-ზე მეტი გუნდი ჩაერთო, მათგან კი ჟიურიმ 5 გუნდი შეარჩია, რომელთა წევრებმაც იდეები აუდიტორიას გააცნეს. საბოლოოდ, 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, პრიზის სახით კი თითოეულმა საქართველოს ბანკისგან 3000 ლარი მიიღო.

გამარჯვებული იდეებისა და მონაწილეების სია ასეთია:

  • საერთო ყულაბა - ანა ჩხეიძე, დეა ქართველიშვილი და გიგი გიორგაძე;
  • საინვესტიციო პლატფორმა სტარტაპების დაფინანსებისთვის - ანა ტორაძე და ანასტასია გვასალია;
  • QR CODE-ით ტრანზაქცია - გიორგი სულხანიშვილი და გიორგი კურტანიძე.

გაეცანით მათ იდეებს სრულად ამ ბმულზე.

„პირველ რიგში, მოხარული ვართ, გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ Spotlight Tech-ს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ პლატფორმას ტექ. პროფესიონალებისთვის. საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ გვიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ ინდუსტრიისთვის თვალსაჩინო ღონისძიების ჩატარებაში. ჩვენი ამოცანაა, ტექნოლოგიებში შეიქმნას და გაფართოვდეს სივრცეები, სადაც პროფესიონალებს შეკრება, აზრის გაზიარება და ახალი იდეების გენერირება შეეძლებათ. სწორედ ამის გამოხატულებაა Spotlight Tech და მის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო ინიციატივა იდეათონის სახით. იდეათონზე ორიგინალური და პრაქტიკული იდეები მოვისმინეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ Spotlight-ზე კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შევთავაზებთ ღონისძიების მზარდ აუდიტორიას“, - ამბობს ლუკა ქობალია, საქართველოს ბანკის მობილბანკისა და ინტერნეტბანკის გუნდის ლიდერი.

ინფორმაციისთვის, Spotlight Tech 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა „გაკვეთილები“ იყო.

(R)