ბიზნეს სექტორის ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა - როგორია სტატისტიკა საწარმოთა მოცულობის მიხედვით

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე - 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.2 პროცენტი.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასიკაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 19.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 703.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთამთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 269.1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამისპერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით მეტი).

2024 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურიხელფასი 1 985.4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 226.3 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 559.2 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 163.7 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 110.3 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 2 385.0 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 1 540.8 ლარი

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 35.0 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა- 5.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 13.0პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორეადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.0 პროცენტი) და ვაჭრობა (18.3 პროცენტი) ,შემდეგ მოდის მშენებლობა (16.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.3, 12.1 და 9.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.1 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.2 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.0 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.