Maersk ომის დაწყებიდან პირველად ოდესის პორტებისთვის საკონტეინერო მომსახურებას იწყებს

საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ლიდერი, დანიური Maersk Group უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოდესის პორტებისთვის პირველ საკონტეინერო მომსახურებას იწყებს. ინფორმაციას The Loadstar ავრცელებს.

უკრაინულ მიმწოდებელ ოპერატორ Iteris-თან თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია იყენებს გემს, რომელიც “ჩორნომორსკის” პორტსა და რუმინულ საკონტეინერო ტერმინალ კონსტანტას ერთმანეთს დააკავშირებს.

ოდესის საკონსულტაციო კომპანია Informall BG-ის წარმომადგენელი, დანილ მელნიჩენკო ამბობს, რომ, აპრილში Iteris და Maersk ექსპორტიორებს ცარიელ კონტეინერებს აწვდიდნენ, ხოლო კონსტანტაში გადასატვირთად სავსე კონტეინერები ჩაჰქონდათ. მისი თქმით, ამ სერვისში სივრცეს კომპანიები, Arkas, CMA CGM, Evergreen და MSC ინაწლებენ.

მელნიჩენკოს პროგნოზით, გადაზიდვების მოცულობა მომდევნო თვეების განმავლობაში იმის გამო გაორმაგდება, რომ მასში მეტი გადამზიდავი კომპანია ჩაერთვება. ის მოელის, რომ გემების რაოდენობის მატებასთან ერთად სერვისი რუმინეთის კარიბჭეებს გვერდს აუვლის და კონტეინერები ეგვიპტედან და თურქეთიდან პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება, როგორც ეს ომამდე ხდებოდა.

პარალელურად, “ჩერნომორსკის” პორტში ფიდერული სერვისი თურქულმა გადამზიდავმა კომპანია, Akkon-მა საკუთარი გემებით დაიწყო. მელნიჩენკოს ცნობით, ეს ერთადერთი გადამზიდავია, რომელიც პორტს მომსახურებისთვის საკუთარ გემებს სთავაზობს. თუმცა ის უკვე ემსახურება დუნაის პორტ “იზმაილს,” ამიტომ გარკვეული უპირატესობებით სარგებლობს.

ცნობისთვის: Maersk-მა ახლახან განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვისა და აზიის პორტებში დიდ საცობებს აწყდება, რაც გემების განრიგის მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევს. კერძოდ, გადატვირთულობის შედეგად კომპანია იძულებული გახდა, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ორი დასავლური რეისი გამოეტოვებინა, რომლებიც ივლისის დასაწყისში იყო დაგეგმილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ