„ქართულმა კომპანიებმა ლონდონის ბირჟაზე დაახლოებით 5.6 მლრდ ლარი დაკარგეს“ - რომან გოცირიძე

„ევროოპტიმისტების“ დამფუძნებლის, რომან გოცირიძის განცხადებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე ქართულმა კომპანიებმა აქციების ფასის მეოთხედზე მეტი დაკარგეს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ბირჟაზე წარმოდგენილი 3 კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ 1.6 მლრდ გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 5.6 მლრდ ლარის ეკვივალენტია.

„რაც აგენტების რუსულმა კანონმა ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში. ასეთი რამ მხოლოდ მსოფლიო ფინანსური კრიზისების დროს თუ შეიძლება მოხდეს. კვლავ გრძელდება მათი აქციების ფასების კლება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველი მაისიდან დღემდე, ამ კომპანიებმა ერთბაშად დაკარგეს თავისი ღირებულების მეოთხედზე მეტი:

  • „ჯორჯია კაპიტალი“ -29.8%.
  • „საქართველოს ბანკი“ -30.9%.
  • „თიბისი ბანკი“ -25.6%.

ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ჯამურმა კლებამ 1.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც დაახლოებით 5.6 მილიარდი ლარის ტოლია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა, პერიოდულად კი მცირედი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 12:30 საათის მონაცემებით, „თბს კაპიტალის“ აქციების ფასი 0.58%-ით არის შემცირებული, „საქართველო ბანკის“ - 1.07%-ით, ხოლო „საქართველოს კაპიტალი“ - 0.21%-ით.

მერი ტაბატაძე