უზბეკეთის რკინიგზა მულტიმოდალური სატრანსპორტო პროექტ “ცენტრალური აზია-სამხრეთ კავკასია-ანატოლიის” (Central Asia, South Caucasus, Anatolia-CASCA+) კონსორციუმის შექმნის ინიცატივით გამოდის, რომელიც CASCA+-ის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს. ამის შესახებ განცხადებას უზბეკეთის რკინიგზა ავრცელებს.
CASCA+-ის კონსორციუმის შექმნის საკითხი ტაშკენტში 6 ქვეყნის, კერძოდ, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის რკინიგზის დეპარტამეტებმა განიხილეს. ინიციატივას ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს წინადადება ხილის, ბოსტნეულისა და მალფუჭებადი პროდუქტების მაცივარ-კონტეინერებში ტრანსპორტირების ორგანიზების შესახებ. კიდევ ერთი ინიციატივა CASCA+-ის დერეფნის გასწვრივ მოძრავი ვაგონებისა და კონტეინერების ადგილმდებარეობის ონლაინ მონიტორინგის დაწყებას ითვალისწინებდა.
მარტში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის ერთობლივი საპროექტო კომპანია შეიქმნება, ხოლო ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვის ცნობით, სამუშაოების დაწყება ოქტომბერში არის დაგეგმილი.
ცნობისთვის: სარკინიგზო ინიციატივა CASCA+ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების, კერძოდ, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთ-თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთ-ევროპის საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში შეიქმნა. მარშრუტი ცენტრალურ აზიას თურქულ ანატოლიასთან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშრებს.
სპილენძით დატვირთული პირველი საკონტეინერო ბლოკის მატარებელი ბაქოში 2022 წლის ბოლოს ჩავიდა, რომელიც უზბეკეთიდან 16 დეკემბერს გამოვიდა, შემდეგ კი ბაქოდან ბულგარეთის პორტ ბურგასში საქართველოს გავლით გაიგზავნა. მატარებელი 91 კონტეინერისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეულის წონა 20 ფუტს შეადგენდა. საკონტეინერო მატარებელმა უზბეკეთ-თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველო-ბულგარეთ/ევროპის 4 ათას კმ-ზე მეტი სიგრძის მარშრუტი გაიარა. პროექტი უზბეკური ოპერატორის, O`ztemiryo`lkonteyner-ის, თურქმენული TULM-ის, აზერბაიჯანული ADY Konteyner-ისა და ქართული კომპანია GR Logistics and Terminals-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ უზბეკეთმა საკონტეინერო მატარებელი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მაშინ პირველად გაგზავნა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ