რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლები, თითქმის, 6 მლრდ დოლარით მცირდება

რუსეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლები 518,9 მლრდ რუბლით (5,8 მლრდ დოლარით) შემცირდება. ამის შესახებ მიმდინარე, ასევე, 2025 და 2026 წლების დაგეგმვის პერიოდის საბიუჯეტო ცვლილებათა კანონპროექტში წერია.

თავიდიან რუსეთის ხელისუფლება პროგნოზირებდა, რომ 2024 წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 11,5 ტრლნ რუბლი (129,9 მლრდ დოლარი) იქნებოდა, თუმცა ბიუჯეტის ახალ ვერსიაში მათი მოცულობა 10,98 ტრლნ რუბლამდე (123,9 მლრდ დოლარმადე) არის შემცირებული.

ცვლილებების კანონპროექტში აქციზის შემოსავალი გადასამუშავებლად გაგზავნილ ნავთობნედლეულიდან 560,2 მლრდ რუბლით (6,3 მლრდ დოლარით), დამატებითი გადასახადიდან 255 მლრდ რუბლით (2,9 მლრდ დოლარით), ხოლო გაზის სექტორში წიაღისეულის მოპოვების გადასახადიდან 141,7 მლრდ რუბლით (1,6 მლრდ დოლარით) მცირდება.

ამასთან, ნავთობის სექტორში წიაღისეულის მოპოვების გადასახადიდან შემოსავლის პროგნოზი 308,8 მლრდ რუბლით (3,5 მლრდ დოლარით), ხოლო გაზის კონდენსატზე წიაღისეულის მოპოვების გადასახადიდან 181,5 მლრდ რუბლით (2,0 მლრდ დოლარით) არის გაზრდილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ