თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას განაცხადა. მან ასევე ისაუბრა აღნიშნული ინიციატივის ჩამოყალიბების მიზეზებსა და იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც რეკრეაციული ზონების განვითარებასა და გაფართოებას შეუწყობს ხელს.
"მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.
"დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას," - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ზღვის პირას მშენებარე ახალი ზოოპარკის პროექტის ერთ-ერთი სავარაუდო დიზაინი, როგორც ეს ვებ-გვერდ proctorandmatthews.com-ზეა აღნიშნული, ექვს მსხვილ ცხოველთა კოლექტიურ ზონას მოიცავს, რომლებსაც მშენებლობის ცალკეული სტრუქტურა ექნება. საიტის ინფორაციით, ეს ჯგუფური გარემო გაერთიანებულია საერთო გეოლოგიური მიწის ნიადაგით. თითოეული ზონა აგრეთვე ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი - "მსოფლიოს ნედლი ტყეები" (წყალი), "ველური ევროპა" (ჰაერი), "აფრიკული სავანა და აზიური ნაბიჯები" (მიწა) და საბოლოოდ, "ჩრდილოეთ ამერიკა" (იელოუსტოუნის პარკი) და "ავსტრალიური ბუჩქებით დაფარული მიწა" (ცეცხლი).
აღნიშნული სავარაუდო დიზაინი ეკუთვნის "Proctor and Matthews"-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ წევრებს. თუმცა საიტზე არ არის მითითებული, ვისი დაკვეთითაა შესრულებული პროექტი.