ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - რომელი დარგი ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5 პროცენტი ქალია, ხოლო 56.5 პროცენტი - კაცი.

აღნიშნულ პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) - 212 297, დამამუშავებელი მრეწველობისა - 90 369 და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ - 73 820 დასაქმებული.

როგორც საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი ასევე მიუძღვით, მშენებლობის - 60 564 დასაქმებული, ტრანსპორტისა და დასაწყობების - 59 889, ინფორმაცია და კომუნიკაციის 46 301, და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებს - 37 515.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ადამიანს მსხვილი საწარმოები ასაქმებენ, შემდეგ მცირე, ბოლო ადგილზე კი საშუალო ზომის საწარმოები არიან. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ასეთია:

  • მსხვილი საწარმო - 332 191 დასაქმებული;
  • მცირე ზომის საწარმოები - 270 722 დასაქმებული;
  • საშუალო ზომის საწარმოები - 146 504 დასაქმებული.

ცნობისთვის, საკუთრების ფორმების მიხედვით, აბსოლუტურ უმრავლესობას კერძო (ადგილობრივი ფიზიკური და\ან იურიდიული პირი\ები) წარმოადგენენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ამ უკანასკნელმა 749 418 ადამიანი დაასაქმა, მეორე ადგილზე კერძო იურიდიული თუ სამართლის პირები არიან რომელთაც - 136 646 ადამიანის დასაქმება უზრუნველყვეს , ხოლო ბოლო ადგილზეა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმო, რომელიც მხოლოდ 56 082ადამიანს ასაქმებს.

თორნიკე მაისაშვილი