საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა

2024 წლის I კვარტალში რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები (იშუინგი) 22.2 პროცენტით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ თვეში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 235.832 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 192.924 მლნ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათით სარგებლობის შემთხვევათა რაოდენობამ 22.2 პროცენტით იმატა.

ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ 18.651 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, საქართველო ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 16.457 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 2.193 მილიარდს აჭარბებს.

ზრდა ფიქსირდება ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების შემთხვევაშიც. 2024 წლის პირველ კვარტალში 57.184 მილიონი ოპერაცია განხორციელდა და ოპერაციების მთლიანი მოცულობა 4.128 მილიარდს გაუტოლდა. შარშან ინტერნეტ გადახდის ოპერაციების 40.420 მლნ შემთხვევა აღირიცხა, ხოლო ოპერაციების მთლიანი მოცულობა 33 პროცენტით ნაკლები იყო. 2023 წლის პირველ კვარტალში ოპერაციების მთლიანი მოცულობა 2.765 მილიარდი ლარით განისაზღვრა.

თორნიკე მაისაშვილი