ილია დარჩიაშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე - რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გაერო-ს რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.

ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

„78-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარდაჭერის აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - 103 ხმით. რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განზომილების კუთხით.

დიდი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის," - წერს ილია დარჩიაშვილი.