რა შინაარსის საჩივრებს წერენ მომხმარებლები მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ

წელს იანვარ-აპრილში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 284 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად აპრილში - 64.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში დაფიქსირებული საჩივრებიდან 45 სალომბარდე სესხებზე მოდის, 6 მომენტალურ განვადებაზე, 5 - ავტოსესხზე, 2 სამომხმარებლო სესხებზე, 2 - იპოთეკურ სესხზე, ხოლო 1 - ბიზნეს სესხზე.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს აპრილში შესული საჩივრებიდან 36 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 17 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 3 სხვა გადასახდელებზე, 2 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 2- საპროცენტო შენატანებზე, 1 - ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო 1 - მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში დაფიქსირებული 64 საჩივრიდან - 29 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 27 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი, 8 შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური