Euroclear-მა რუსეთთან დაკავშირებულ ანგარიშებზე ფასიანი ქაღალდების ჩარიცხვა შეაჩერა

ბელგიურმა დეპოზიტარმა, Euroclear-მა მაისის შუა რიცხვებიდან არარუსული დეპოზიტარებიდან მის ინფრასტრუქტურაში რუსეთის რეზიდენტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ანგარიშზე ფასიანი ქაღალდების გადარიცხვა შეაჩერა. ამის შესახებ Euroclear-ის გზავნილებში წერია, რასაც „ვედომოსტი“ ავრცელებს.

კერძოდ, დეპოზიტარი თავის სისტემაში შემავალ ახალ ფასიან ქაღალდებს რუსული ფიზიკური თუ იურიდიული პირების სახელით ან სასარგებლოდ აღარ იღებს. Euroclear კლიენტებს სთხოვს, ნებისმიერი აკრძალული ტრანზაქციისგან თავი შეიკავონ და საბოლოო ინვესტორის იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად სათანადო შემოწმების პროგრამები შეიმუშავონ.

Euroclear-ის ამ გადაწყვეტილებით, რუსი ინვესტორები და ბროკერები ადგილობრივი ბაზრებიდან, მაგალითად, ამერიკულ დეპოზიტარ DTC-იდან, შვეიცარულ Six Sis-იდან ან ბრიტანულ CREST-იდან ფასიანი ქაღალდების დეპონირებას ვეღარ შეძლებენ. ეს პრობლემას შეუქმნის მათ, ვინც საკუთარ აქტივებს უცხოურ დეპოზიტარებში ინახავს, ​​რადგან საერთაშორისო სისტემების გვერდის ავლით უცხოური დეპოზიტარებიდან რუსულში ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ტრანსფერი შეუძლებელია.

ექსპერტების შეფასებით, ამით Euroclear ცდილობს, რუსული კაპიტალი მოიშოროს, რადგან დეპოზიტარმა მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ჩარიცხვა შეაჩერა და არა მათი ჩამოწერა. ამასთან, დეპოზიტარს შესაძლოა, არ სურდეს იმ აქტივების შენახვაზე ვალდებულების აღება, რომლებიც უცხოურ ბაზარზე უცხოელი ინვესტორების ფასიან ქაღალდებზე გაცილებით ნაკლებად არის შეფასებული.

ცნობისთვის: გაზაფხულზე შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის რამდენიმე ბანკმა რუსი კლიენტებისთვის მათი ფასიანი ქაღალდების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ბანკები შიშობენ, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივმა მარეგულირებლებმა შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლაში დახმარებად ჩათვალონ, თუ შემდგომში აქტივების რუსეთის პერიმეტრზე გადატანა მოხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ