აუდიტის სამსახური - 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად, 20 მლრდ ლარზე მეტი დაფარა. ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელმა 89% შეადგინა.

ჩატარდა 15 ფინანსური, 26 − შესაბამისობისა და 10 ეფექტიანობის აუდიტი.

დარღვევის კატეგორია და თანხა კი ასეთია: - შესყიდვების მართვა − 10.8 მლნ ლარი; აქტივების მართვა − 1.6 მლნ ლარი; საბიუჯეტო რესურსების მართვა − 8.9 მლნ ლარი; სულ: - 21.2 მლნ ლარი.

აუდიტის სამსახურმა გააანალიზა 2023 წელს ჩატარებული ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და გამოკვეთა ისეთი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რომლებიც უწყების შეფასებით, საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

“დარღვევები შეიძლება დაჯგუფდეს ოთხ სისტემურ საკითხად: - აქტივების მართვა; მოთხოვნები და ვალდებულებები; აღრიცხვა- ანგარიშგება და ზოგადი კონტროლის მექანიზმები“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.