როგორია საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების პროცედურები - ევროკავშირის ელჩის განმარტება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა.

ჰერჩინსკი Movement-თან ინტერვიუში საუბრობს სანქციების შესახებაც. ჟურნალისტის კითხვაზე, „რას უნდა ველოდეთ“ ევროკავშირისგან იმ ფონზე, როდესაც ამერიკამ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთა, ელჩმა სანქციების დაწესების პროცედურები განმარტა.

მისი თქმით, ამერიკისგან განსხვავებით, ევროკავშირის სანქციების დაწესების პროცეში უფრო კომპლექსურია იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს 27 სუვერენული სახელმწიფო მონაწილეობს.

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა EU-ს ინსტიტუტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის შესაძლო ვერსიების მომზადება სთხოვეს. ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ მაგიდაზე დევს ყველა ვარიანტი და თითოეული მათგანი განიხილება. ელჩის თქმით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისში შეიკრიბებიან და აღნიშნულ ვერსიებზე იმსჯელებენ.

„წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებს შესაძლო ვარიანტების მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 სახელმწიფოს შორის, ისინი გადაწყვეტენ, რომელი ვერსია უნდა მისდიონ. ეს მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებას მიიღებენ. ახლა ყველა ვერსია განიხილება, ვგულისხმობ ყველანაირს, მაგრამ გადაწყვეტილება 27-მა სახელმწიფომ უნდა მიიღოს“, - აღნიშნა ელჩმა.

ელჩი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მერი ტაბატაძე