გერმანული ლუდსახარშები ევრო-2024-ისგან მოგების ზრდას მოელიან

გერმანიის ლუდსახარშები ევრო 2024-ისგან გაზრდილ მოგებას მოელიან. ამის შესახებ ქვეყნის ლუდსახარშების ასოციაციის წარმომადგენელმა, ჰოლგერ აიხელემ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანული ლუდის ინდუსტრიისთვის გრძელვადიანი კლების ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა, როცა ქვეყანაში გაყიდვები 4,5%-ით, 8,4 მლრდ ლიტრამდე დაეცა, მაშინ, როცა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელსაც, ასევე, გერმანიამ უმასპინძლა, ლუდის გაყიდვები ტურნირამდე და მის დროს, დაახლოებით, 5%-ით გაიზარდა.

ამასთან, ლაიბნიცის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (IWH) პროგნოზით, ევრო 2024 გერმანიის ტურისტულ სექტორს, დაახლოებით, 250 მლნ ევროს შემოსავალს მოუტანს.

რაც შეეხება ხარჯებს, ZDF-ისა და ჟურნალ Spiegel-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, გერმანია ევროპის ჩემპიონატზე, დაახლოებით, 650 მლნ ევროს დახარჯავს, საიდანაც 260 მლნ ევრო “ფან-ზონებზე” დაიხარჯება. UEFA ამ ხარჯებში არ მონაწილეობს.

თავის მხრივ, UEFA-ს 2022-23 წლების ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მისმა შემოსავალმა, დაახლოებით, 4,3 მლრდ ევრო შეადგინა, რაც მხოლოდ ერთი წლის, ევროპის ჩემპიონატის გარეშე მიღებული შემოსავალია. წინა ტურნირის, ანუ ევრო 2020-ის გამართვის წელს UEFA-ს შემოსავალი მნიშვნელოვნად მაღალი იყო, რამაც 5,7 მლრდ ევრო შეადგინა.

ცნობისთვის: გერმანიაში ოთხკვირიანი საფეხბურთო ტურნირისთვის სულ 2,7 მილიონი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი, რომელთაგან ყველა გაყიდულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ