რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 210 ათასი შენობა გაანადგურა

უკრაინის ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის დაბომბვის შედეგად, დაახლოებით, 210 ათასი სხვადასხვა შენობა სერიოზულად დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ შენობებზე ცვლილებების აღმომჩენი სარადარო თანამგზავრების მონაცემებში წერია, რასაც The New York Times (NYT) ავრცელებს.

ამასთან, დაახლოებით, 900 დაზიანებული და დანგრეული შენობა წარმოადგენს ობიექტებს, რომლებიც ომში ჰუმანური მოპყრობის სტანდარტების დამდგენი ჟენევის კონვენციებით არის დაცული. ეს არის 106 საავადმყოფო, 109 ეკლესია, 708 სკოლა, კოლეჯი და უნივერსიტეტი. NYT ხაზგასმით შენიშნავს, რომ ამ სტატისტიკაში დასავლეთ უკრაინის მონაცემები არ შედის.

სამხედრო მოქმედებების შედეგად ყველაზე მეტად უკრაინის ქალაქები: მარიუპოლი, ხარკოვი, ირპენი, რუბეჟნოე და მარინკა დაზარალდნენ.

NYT-ის მონაცემები უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეფასებაზე უფრო დაბალი აღმოჩნდა. კერძოდ, მაისში პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში 250,000 საცხოვრებელი კორპუსი, დაახლოებით, 4,000 სკოლა, 1,000-ზე მეტი საავადმყოფო და მრავალი სხვა სამოქალაქო ობიექტი გაანადგურა ან დააზიანა. მისი თქმით, რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის ზარალმა უკვე 486 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამასთან, შმიგალის მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად რუსეთმა 800-ზე მეტი გათბობის ობიექტი გაანადგურა ან დააზიანა, რომელთა აღდგენას, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი სჭირდება.

ასევე, ქვეყნის საბინაო-კომუნალური მომსახურების ყოფილი მინისტრის, ალექსეი კურჩენკოს ცნობით, უკრაინაში თბოელექტროსადგურების სიმძლავრის 90%-მდე მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები მოქმედებს. ეს შეზღუდვები მომავალ ზამთრამდე იმოქმედებს და შესაძლოა, ზამთრის პერიოდშიც გაგრძელდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ