პორტუგალიამ სავიზო წესები გაამკაცრა

პორტუგალიის მთავრობამ გააუქმა კანონი, რომელიც უცხოელებს საშუალებას აძლევდა, ქვეყანაში ტურისტული ვიზით შესულიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოეთხოვათ ბინადრობის ნებართვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

3 ივნისიდან მიგრანტებს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნისთვის სამუშაო ხელშეკრულება დაუყოვნებლივ მოეთხოვებათ.

„გვსურს, დავასრულოთ მექანიზმი, რომლითაც ჩვენს სტუმართმოყვარეობას მეტად ბოროტად იყენებდნენ,“ - აცხადებს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, ლუიშ მონტენეგრუ.

მან, ასევე, სპეციალური სტრუქტურის შექმნა დააანონსა, რომელიც ბინადრობის ნებართვისთვის დაგროვილ 400 ათას განცხადებას განიხილავს. პრიორიტეტი კვალიფიციურ პროფესიონალებს, სტუდენტებს, პორტუგალიურენოვანი ქვეყნებიდან ჩასულ და ოჯახთან გაერთიანების მსურველ პირებს მიენიჭებათ.

„გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც სურთ, უფრო სამართლიანი და აყვავებული საზოგადოების შექმნაში დაგვეხმარონ. თუმცა არ შეგვიძლია, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და კარი ფართოდ ღია დავტოვოთ,“ - ამბობს პრემიერი.

ცნობისთვის: მიგრაციის წამახალისებელი კანონი პორტუგალიაში 2018 წლიდან მოქმედებს. ის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქლაქეებს საშუალებას აძლევდა, ქვეყანაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე გადასულიყვნენ და ბინადრობის ნებართვა ერთი წლის განმავლობაში სოციალური უზრუნველყოფის შენატანების გადახდის შემდეგ მოეთხოვათ. ხუთი წლის განმავლობაში პორტუგალიაში მიგრანტების რაოდენობა გაორმაგდა. მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 1,04 მილიონი უცხოელი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის, დაახლოებით, მეათედია. მათი უმრავლესობა 25-დან 44 წლამდე ასაკისაა. მხოლოდ გასულ წელს პორტუგალიაში ლეგალურად ყოფნის ნებართვა 180 ათასმა მიგრანტმა მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ