რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტებში - ანგარიში

აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში იმ ნაკლოვანებებზე წერს, რომელიც სამსახურმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა.

კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:

2021 წელს, სოფელ ვეჯინში ტურისტების მომსახურებისთვის მოეწყო ობიექტი, ღირებულებით 38.4 ათასი ლარი. ობიექტი არ ფუნქციონირებს და მისი ექსპლუატაციისთვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება. ასევე, 2022 წელს სოფელ კოლაგში მოეწყო სკვერი - ღირებულებით 19 ათასი ლარი. ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლიდან მოშორებით და მოსახლეობა ვერ იყენებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:

ბორჯომის ისტორიულ პარკში ვიზიტორთა შესვლა წარმოებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აწარმოებს სალაროს წიგნს, რაც წარმოშობს ფულადი თანხების არასწორად აღრიცხვის რისკს. ვიზიტორთა აღრიცხვის სისტემის გასაუმჯობესებლად 2015 წლიდან დამონტაჟებულია ტურნიკეტები, რაც არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, 2021-2022 წლებში მოქმედი 66 საიჯარო ხელშეკრულებიდან, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 35 ხელშეკრულების ფარგლებში სრულად არ იქნა გადახდილი საიჯარო თანხა, ჯამურად 107.4 ათასი ლარის მოცულობით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:

სასამართლო დავის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები არ გამოცხადდნენ სასამართლოში, რითაც მუნიციპალიტეტმა დაკარგა საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მერიას დაეკისრა მიმწოდებლისთვის 19.5 ათასი ლარის გადახდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:

სასამართლო დავის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მიერ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (შესაგებლის წარუდგენლობა), სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც მერიას მიმწოდებლისათვის 520 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:

მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს-ებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის არასწორად წარმართვის შედეგად, ხელფასის სახით ზედმეტად გაცემულია 266 ათასი ლარი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021- 2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:

ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში 2019-2022 წლებში საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად ზედმეტად გადახდილია 152 ათასი ლარი“, - აცხადებს აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება. კერძოდ, 2023 წელს აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი 13 მუნიციპალიტეტიდან 11-ის შემთხვევაში, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ 2021-2022 წლებში გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა ჯამურად 1.4 მლნ ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2023 წელს შესწავლილი 13 მუნიციპალიტეტიდან 9 მუნიციპალიტეტმა, 2021-2022 წლებში საკუთარი ფინანსური რესურსი გამოიყენა დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. შედეგად, მუნიციპალიტეტებმა დამატებით დახარჯეს ჯამურად 1.9 მლნ ლარი, რაც საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეულ ხარჯს წარმოადგენს.