„შენობა-ნაგებობების 80%-ზე მეტი არ გადის სახელმწიფო შემოწმებას - იქ შეიძლება იყოს უამრავი ხარვეზი“

„შენობა-ნაგებობების 80%-ზე მეტი არ გადის სახელმწიფო შემოწმებას, მშენებლობის დასრულების შემდეგ“, - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2018-23 წლის სტატისტიკით, საქართველოს მასშტაბით, 59 ათასი სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული, საიდანაც მხოლოდ 12 000 შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ შენობა-ნაგებობაში უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს.

“მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება არ არის გაკონტროლებული სახელმწიფოს მხრიდან. ექსპლუატაციაში მიუღებლად ფუნქციონირება, მოქმედი კანონმდებლობით (2021 წელს მიღებულით), არის აკრძალული, თუმცა კანონმდებლობა ისე შეიცვალა, რომ მანამდე გაცემულ ნებართვებს არ შეეხო ეს აკრძალვა. შესაბამისად, ბაზარზე მივიღეთ ასეთი რეალობა, ჩვენ სტატისტიკაც გვაქვს გაკეთებული (რომელიც საქსტატის მონაცემებს ეფუძნება) 2018-23 წლებში, 59 000 ნებართვა იყო გაცემული და მხოლოდ 12 000 შენობა იყო ექსპლუატაციაში ჩაბარებული, მთელი საქართველოს მასშტაბით. ხოლო, თბილისში დაახლოებით, 29 00 მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული და ჩაბარებული იყო 5000-მდე.

ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შენობა-ნაგებობების 80%-ზე მეტი არ გადის სახელმწიფო შემოწმებას მშენებლობის დასრულების შემდეგ. ეს ავტომატურად მიანიშნებს იმას, რომ იქ შეიძლება იყოს უამრავი ხარვეზი, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. თუ არ შევამოწმეთ, ვერ ვიტყვით, რა და როგორ არის აშენებული. ეს შემოწმებები კი უნდა განხორციელდეს შენობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე. ამიტომ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომ სახელმწიფომ გადაამოწმოს, ხომ ნამდვილად ნებართვასთან შესაბამისობაში აშენდა ნაგებობა“,- ამბობს უჩა ზაქაშვილი.

ნინი ქეთელაური