ბესიკ ამირანაშვილი - კურორტი აბასთუმანი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ტურისტებისთვის

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნის ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

"აბასთუმნის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთისთვის და არა მარტო, უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ფონდს "ქართუ", სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო კურორტის განვითარება და გალამაზება. დაბაში კაპიტალურად მოეწყო როგორც სავალი ნაწილები, ისე მთლიანი საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყლის ქსელი, სათავე და გამწმენდი ნაგებები.

ასევე, სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს "როშა პარკის", რომელიც თავისი მდებარეობით და ასწლოვანი ხეებით გამორჩეული და უნიკალური ადგილია. ეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ბილიკები, უკვე მოეწყო სტადიონი და პროექტის დასრულების შემდეგ "როშა პარკი" იქნება კიდევ ერთი ლამაზი სივრცე დამსვენებლებისთვის.

ვფიქრობ, აბასთუმანი მომავალში კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება, როგორც ქართველი, ისე, უცხოელი ტურისტებისთვის. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით უკვე 40%-ით არის გაზრდილი დამსვენებლის რაოდენობა", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

მათივე ცნობით, კურორტის განვითარების გეგმის ფარგლებში, დაბის შესასვლელში შენდება ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომი. ასევე, მიმდინარეობს დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მდინარის კალაპოტისა და სახიდე გადასასვლელების, საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზის, ისტორიული და სამეცნიერო ობიექტების აღდგენას მოიცავს. ასევე, მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადების კაპიტალური რეაბილიტაცია, მე-19 და მე-20 საუკუნეების ისტორიული სახლებისა და ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

უწყების ინფორმაციით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.