აზერბაიჯანი ევრო 5-ის საავტომობილო ბენზინის წარმოებას ივნისში დაიწყებს

კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევრო 5-ის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო ბენზინის წარმოებას მიმდინარე თვეში დაიწყებს.

ამის შესახებ SOCAR-ში სააგენტო Report-ს განუცხადეს.

კერძოდ, კომპანია შენიშნავს, რომ „ქარხანამ ევრო 5-ის სტანდარტებით დიზელის საწვავის წარმოება 2023 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2024 წლის ივნისში ევრო 5-ის სტანდარტების მიხედვით საავტომობილო ბენზინის წარმოებას იწყებს.”

SOCAR-ის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის ფარგლებში წელს იზომერიზაციისა და MTBE-ის (Methyl tert-butyl ether) ბლოკი შევიდა ექსპლუატაციაში.

კომპანია, ასევე, აცხადებს, რომ ბოლო 70 წლის განმავლობაში ქარხანამ, დაახლოებით, 370 მლნ ტონა ნავთობი გადაამუშავა. მხოლოდ გასულ წელს ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 6,3 მლნ ტონა ნავთობი გადამუშავდა, რის შედეგადაც 1,5 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინი იქნა მიღებული. 2023 წელს ქარხნის ნავთობგადამუშავების სიღრმე 98%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა 2022 წელს 96.3% იყო.

ამჟამად ქარხანა მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, რის შემდეგაც ის კასპიის რეგიონის ყველა სახის ნავთობის გადამუშავებას შეძლებს. ამასთან, მოდერნიზაციის შემდეგ ქარხანა წელიწადში 2 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს, 2,9 მლნ ტონა დიზელის საწვავს, 1 მლნ ტონა რეაქტიულ საწვავსა და 390 ათას ტონა ნავთობქიმიურ პროდუქციას აწარმოებს. პროექტის დასრულება 2027 წელს იგეგმება.

ქარხნის ამჟამინდელი სიმძლავრე წელიწადში 6,5 მლნ ტონას შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ