საქართველოს მოქალაქეობასა და ბინადრობაზე უარს გვეუბნებიან - ფერეიდნელი ქართველები პრობლემის განხილვას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც გულისხმობს, რომ ფერეიდნელი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის მინიჭების პრობლემა მოგვარდეს.

პეტიციას 300-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა ახლავს თან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სახელზე მომზადებულ პეტიციაშია აღნიშნული, ფერეიდნელი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობისა თუ ბინადრობის უფლების მოპოვებაზე უარს წლებია, მასობრივი ხასიათი აქვს.

„უარის მიზეზად სახელდება კანონის „უცხოელთა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-18 მუხლი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს ბინადრობის უფლების მოპოვებაზე დაბრკოლებები ძირითადად არ ექმნებათ. ბუნებრივია, ნებისმიერი პირი უნდა შემოწმდეს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების მხრიდან და შესაძლოა, მას უარიც ეთქვას, თუმცა ფერეიდნელი ქართველებისთვის უარს ბოლო წლების განმავლობაში მასობრივი ხასიათი აქვს. ვითხოვთ, აღნიშნული პრობლემის განხილვას პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან,“- ნათქვამია პეტიციაში.

თაია არდოტელი