სს „საქართველოს კაპიტალი“ საკუთარი განცხადებითაც აღიარებს, რომ საინვესტიციო ვალდებულებები არ შეასრულა

სს „საქართველოს კაპიტალმა“ თავისი განცხადებით აღიარა, რომ „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ფულადი ინვესტიცია არ განუხორციელებია და არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ინვესტორის მიერ წილის შესყიდვაში გადახდილი თანხა არ ნიშნავს კომპანიის განვითარებაში ინვესტირებას. გარიგების თანახმად, „საქართველოს კაპიტალს“ ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო „ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის“ 2 600 მოსწავლეზე გათვლილი ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში.

„საქართველოს კაპიტალი“ თავის ბოლო განცხადებაში ამბობს, რომ 20 მილიონი ლარის ჩადებას აპირებს სკოლის განვითარებაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფუჭი დაპირება, იმის გათვალისწინებით, რომ საინვესტიციო კომპანია 5 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა. მით უმეტეს, რომ შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ (სს „საქართველოს კაპიტალის“ უფლებამონაცვლე) განცხადებაში მოყვანილი 20 მილიონი ლარი ბევრად ნაკლებია ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და ეს განცხადება შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბოლო 5 წელიწადში 38 მილიონი ლარი თავად „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ დახარჯა და აქედან 3,2 მილიონი ლარი ოქროყანის კამპუსის დაპროექტებასა და სანებართვო პროცედურებს მოხმარდა. ეს პროექტი შეჩერებულია იმის გამო, რომ „საქართველოს კაპიტალმა“, ვალდებულების მიუხედავად, ოქროყანის მიწა, რომელზედაც კამპუსი უნდა აშენებულიყო, სკოლის კაპიტალში არ შეიტანა. სკოლის მიერ ამ პროექტის ფარგლებში უკვე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს.

მხარეებს შორის სამოქალაქო დავის პარალელურად, სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ნიშნებზე შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტების ჯგუფი მუშაობს და უახლოეს დღეებში წარმოადგენს დასკვნას. იურისტების წინასწარი განცხადებით, სს „საქართველოს კაპიტალის“ მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას – თაღლითობას, მოტყუებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების დაუფლებას. აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც კი დასკვნა გადმოგვეცემა, მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება დამნაშავეთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად.

განცხადების ავტორი: „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორის ადვოკატი თეა ხამხაძე

(R)