იზრდება ჯარიმები 12 ათას ლარამდე - მთავრობა პროდუქტის უსაფრთხოებაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა.

ცვლილებები შეეხება აკრედიტაციის, სტანდარტების, მეტროლოგიისა და ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებს: განისაზღვრება აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები და აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა; დაზუსტდება სტანდარტების დეფინიცია, სტანდარტების შემუშავებისა და მიღების პროცედურები. კოდექსში შემოდის ახალი ტერმინი - „ევროპული სტანდარტი“.

ცვლილებების თანახმად, იზრდება ჯარიმები და შემოდის სიახლე, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის თანახმად, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე:

  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც - 1500 ლარამდეა, განისაზღვრება - 1500 ლარიდან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე.
  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 3000 ლარამდეა, განისაზღვრება - 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან - 8000 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 891-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. ცვლილების შემდეგ (191 მუხლის 23-ე ნაწილში მომზადებული ცვლილების საფუძველზე) აღნიშნული მოხდება სუბიექტის განმეორებით დაჯარიმების შემდეგ.
  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც - 5000 ლარამდეა, განისაზღვრება - 5000 ლარიდან - 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან - 10 000 ლარამდე.
  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც - 7000 ლარამდეა, განისაზღვრება - 7000 ლარიდან - 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან - 12 000 ლარამდე.

ამასთან, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა - პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა დიფერენცირებული და 500 ლარიდან - 5 000 ლარამდე განისაზღვრება.

იხილეთ ასევე: „პროდუქტის უსაფრთხოების კუთხით რაც კეთდებოდა იყო კოსმეტიკური ხასიათის“ - ვახტან კობალაძე

თაია არდოტელი