ადგილები, სადაც ქვათაცვენის გააქტიურებაა მოსალოდნელი - საშიში ზონები თბილისში

„გეოლოგიური ბიულეტები ძალიან საჭირო რამაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას“ - სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საშიშ ზონებსა და გეოპლოგიური პროცესების გააქტიურების შესახებ ისაუბრა.

„1991 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რაჭა სეისმურად ძალიან არის გააქტიურებული, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ გაზაფხულზე მიწისძვრების სიმრავლეს უნდა ველოდოთ, პირიქით, აქ მიწისქვეშა ბიძგები წლის ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შოვის ტრაგედიის მერე 112-დან პერიოდულად გვეგვზავნება შეტყობინებები ამინდის გაუარესების შესახებ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები კონკრეტულად იმ ადგილზე იყვნენ ინფორმირებულნი, სადაც ცხოვრობენ, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამინდის გაუარესებას და როგორ შეიძლება, მოიქცნენ.

„ყველას სჯობს, რომ სიფთხილით მოვეკიდოთ ბუნებას, არ ავაშენოთ სახლები საშიშ ტერიტორიებზე, არ ხდებოდეს დიდი რაოდენობით ადამიანების კონცენტრაცია ასეთ ადგილებში. მთავარია, რომ როდესაც ხდება ფაქტი, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ“ - აცხადებს სეისმოლოგი.

იგი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ გეოლოგიურ ბიულეტენსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ძალიან საჭირო დოკუმენტია, თუმცა მისი გამოქვეყნების შემდეგ, მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმაც.

„გეოლოგიური ბიულეტები ძალიან საჭირო რამაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოქვეყნების შემდეგ საჭირო ნაბიჯები გადაიდგას. თუ თბილისზეა საუბარი, ძალიან მკაცრად უნდა დავიცვათ პირველ რიგში მშენებლობის რეგულაციები. ასეთ ადგილებში არ შეიძლება, ხალხი ცხოვრობდეს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით შესაძლოა, ასეთ ადგილებში მშენებლობა მაინც განხორციელდეს, მაგრამ ამას უნდა კვლევა და კარგად დაპროექტება.

თბილის ძალიან მთა-გორიანია, სადაც ბუნებრივი კატასტროფები ძალიან გავრცელებულია. ვერეს ტრაგედიას რომ ამხელა მსხვერპლი მოჰყვა, პირდაპირ იმის ბრალი იყო, რომ ხეობაში იყო საცხოვებელი სახლები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყო. შოვის ტრაგედიაც იმიტომ გახდა ასეთი მასშტაბური, რომ მდინარის პირას არ უნდა ყოფილიყო ის კოტეჯები, რომლებიც იყო. მითუმეტეს ამინდის გლობალური ცხვლილებაა და მთელს მსოფლიოში მომატებულია მსგავსი საფრთხეები“ - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი