"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის"

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის ამით საქართველოს შესახებ ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორებისგან ნათლად გვესმის, რომ საქართველოს მოსახლეობა ავტორიტარიზმისგან დაცული უნდა იყოს.

„იმის ნაცვლად, რომ ზოგადად ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან, იქნება ეს კონგრესში, თუ ჰელსინკის კომისიაში მოსმენა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდეს, ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების დასანქცირებასა და რუსეთთან მათ კოლაბორაციაზე საუბარს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატი“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა, რომლის განცხადების შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.