საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა იხსნება - როგორ აისახება ტარიფებზე და ვის შეეძლება ვაჭრობა

1-ელი ივლისიდან საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟის გახსნა იგეგმება. ბირჟას ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ გახსნის ვადა 6-ჯერ გადაიდო. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ამჯერად ენერგეტიკული ბირჟის გახსნა აღარ გადაიდება და 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ ამოქმედდება.

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ მიხედვით, ბირჟა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც შექმნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და კონკურენტულ ბაზრებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეფექტი ექნება ენერგეტიკულ ბირჟას, ვის შეეძლება მისი საშუალებით ვაჭრობა და როგორ აისახება ბიზნესებსა და მოქალაქეებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ესაუბრა ენერგეტიკოს გია არაბიძეს.

რა არის ენერგეტიკული ბირჟა და ვის შეეძლება ვაჭრობა

ენერგეტიკული ბირჟა არის ადგილი, სადაც განხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამ ბირჟით ისარგებლებენ, როგორც გენერაციის ობიექტების მფლობელები, ისე ელექტროენერგიის მომხმარებლები. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.

რა ფორმით განხორციელდება ბირჟაზე ვაჭრობა

ბირჟაზე სამი ფორმის ვაჭრობა განხორციელდება: დღით ადრე, დღიურად და საათობრივად. როგორც ენერგეტიკოსი ამბობს, თავდაპირველად ვაჭრობის სამივე ფორმა ვერ ამოქმედდება, რადგან ბირჟის განვითარებას დრო სჭირდება. მისი თქმით, 1-ელი ივლისიდან ბირჟის გახსნის შემდეგ ვაჭრობა დღით ადრე განხორციელდება.

საწარმოები და ორგანიზაციები ვაჭრობაში თავდაპირველად ნებაყოფლობით ჩაერთვებიან. არაბიძის თქმით, მაშინ როცა ბირჟა დაიხვეწება და განვითარდება, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის ენერგიის მოხმარების მქონე ობიექტებს ადმინისტრაციული ვალდებულებებიც გაუჩნდეთ.

„როცა გაიმართება და დალაგდება ყველაფერი, შემდეგ უკვე ადმინისტრაციული ვალდებულებებიც უნდა გაუჩნდეს იმ ორგანიზაციებს, რომელსაც გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარება აქვს“, - ამბობს ენერგეტიკოსი.

მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფები

გია არაბიძე განმარტავს, რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს ან მცირე ბიზნესს ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა. მისი თქმით, აღნიშნული გამოწვეულია რისკებით, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ბირჟაზე დენის ფასი დაეცეს ან გაიზარდოს, შესაბამისად, ეს გავლენას მოახდენს მოქალაქეთა სამომხმარებლო ტარიფებზე.

ენერგეტიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული მერყეობებისგან მოქალაქე და მცირე ბიზნესი დაცული რომ იყოს, სამომხმარებლო ტარიფები კვლავ სემეკის მიერ განისაზღვრება და შესაბამისად, მათ ბირჟაზე ვაჭრობაც არ შეეძლებათ.

„ჩვენი ელექტროენერგიის საფასურში საკმაოდ სერიოზული წილია ე.წ სოციალური ფასი. თეორიულად შესაძლებელია, ორი მიმართულება განვითარდეს: პირველი, შემცირდეს ფასები და მეორე, გაიზარდოს რეგიონული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც პრობლემა იქნება. ამისგან დაცული იქნება მოსახლეობა და მცირე ბიზნესი იმიტომ, რომ როგორც დღეს დგება ჩვენი გადასახდელი ტარიფი, იმავენაირად დადგინდება. ის რყევები, რაც შეიძლება მოხდეს ბირჟაზე, მოსახლეობას არ შეეხება“, - განაცხადა არაბიძემ.

ენერგეტიკული ბირჟის რისკები

აღსანიშნავია ისიც, რომ სატარიფო ცვლილებები შეეხება მათ, ვინც ბირჟაზე ივაჭრებს, მაგალითად ეს შესაძლოა, იყოს საშუალო და მსხვილი ბიზნესი. ენერგეტიკოსის თქმით, მათთვის არსებობს რისკები რეგიონული ჭრილის გათვალისწინებით. კერძოდ, მსგავსი ბირჟა არ აქვს სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, ირანისა და თურქეთის კი განსხვავებული სტრუქტურისაა.

„ბირჟის ეს ვარიანტი სამეზობლოში არავის აქვს, ჩვენ ვიწყებთ ბირჟის განვითარებას იმ კანონებითა და იდეოლოგიით, რაც ევროპაშია. რომელიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გვყავდეს მეზობლად, უფრო იოლი იქნებოდა ამ საქმეების წამოწყება. რისკებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შესაძლოა, რომელიმე მეზობელმა ქვეყანამ სწრაფად დაწიოს ან აწიოს ფასები.“

უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება ელექტროენერგიის ფასები, ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს გაუძვირებს პროდუქციის წარმოებას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფასები დაეცემა, შემცირდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების შემოსავლები.

ენერგეტიკული ბირჟის ეფექტი

ენერგეტიკოსის განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებისთვის საქართველოზე მეტად დიდ ეკონომიკებსაც კი ათწლეულები დასჭირდათ. მისი თქმით, თანდათან განხორციელდება ბირჟის დახვეწა და განვითარება.

როგორც გია არაბიძე განმარტავს, ბირჟის სრულფასოვანი ჩამოყალიბების შემდეგ ქვეყანა შემდეგ დადებით შედეგს მიიღებს: ელექტროენერგიით თავისუფალი ვაჭრობა, რაც დაარეგულირებს ტარიფებს; გაზრდილი კონკურენცია; აშენდება უფრო მეტი ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი და ბირჟის სრულყოფილად მუშაობის პირობებში, მათი მოგება გაიზრდება.

მერი ტაბატაძე