„სასაზღვრო პუნქტ „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა - დაიკეტა საავტომობილო გზა სოფელ გველეთთან“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დეტექტორიდან სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და გამშვებ პუნქტზე დასაქმებული ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მოხდა.

უწყების ინფორმაციით, ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.