3 ადგილი, სადაც ივლისიდან შესაძლოა, პარაპლანით ფრენა დასაშვები ან ნებადართული გახდეს

„იმედი მაქვს, ივლისისთვის ახალ ლოკაციებზე საჰაერო სივრცეები გამოიყოფა“ - პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ პარაპლანით ფრენის მოყვარულთათვის ახალი ლოკაციების დამატების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ამისთვის მხოლოდ მთავრობის დადგენილებას ელოდება, რათა საჰაერო სივრცეები გამოიყოს.

„სხვა მხრივ ყველაფერი მოგვარებული გვაქვს. დადგენილების გამოსაცემად 8-თვიანი ვადა ამ თვეში იწურება, ამიტომ იმედი მაქვს, ივლისისთვის ახალ ლოკაციებზე საჰაერო სივრცეები გამოიყოფა“ - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ. საუბარია შემდეგ ადგილებზე - ბახმარო, გოდერძის უღელტეხილი და მესტია.

ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, ფრენები 16 იანვრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც პირველი ოპერატორი კომპანია დარეგისტრირდა, არ გაჩერებულა,

„შეფერხებები მხოლოდ ადმინისტრაციულ შეზღუდვების ან ამინდის გაუარესების დროს მომხდარა“.

მისი თქმით, არის ასევე შემთხვევები, როდესაც სივრცე გამოყოფილია, მაგრამ ოპერატორი კომპანიები ჯერ არ დარეგისტრირებულან.

„ამ ეტაპზე საჰაერო სივრცეები გამოყოფილია გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში, თუმცა ამ ორ უკანასკნელ ლოკაციაზე კომერციული ოპერატორი ჯერ არ გვყავს, ამიტომ თუ ვინმეს თავისი სიამოვნებისთვის ერთ-ადგილიანი პარაპლანით ფრენა სურს, ამ მხრივ შეზღუდვა არ არის“ - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

ეკა დარჩიაშვილი