სამედიცინო დაწესებულებებისთვის მთავრობამ 37.1 მლნ ლარი გამოყო

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ახალი განკარგულებით, ქონების გადასახადი და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღებაც დაფინანსდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, ჯამში 37.1 მლნ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზნობრიობას, თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 8 მლნ ლარი

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: - 3.780 მლნ ლარი

მათ შორის:

  • საიჯარო გადასახადის დაფინანსება - 734.5 ათასი ლარი
  • შენობის აღჭურვა - 1.8 მლნ ლარი
  • ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 860 ათასი ლარი
  • ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება - 386 ათასი ლარი

ასევე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

  • აღჭურვა - 9.012 მლნ ლარი
  • რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა - 6.571 მლნ ლარი
  • პროგრამის ადმინისტრირება - 400 ათასი ლარი
  • მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა - 7.5 მლნ ლარი
  • სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა - 1. 836 მლნ ლარი.

ნინი ქეთელაური