უნგრული MOL ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საბადოს პროექტში ერთვება

ნავთობისა და გაზის უნგრული კომპანია, MOL კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს განვითარების პროექტში ჩაერთვება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტომ განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

კერძოდ, უნგრეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ შაჰ-დენიზზე წილი აზერბაიჯანულ Southern Gas Corridor CJSC-ისგან (SGC), ხოლო 4%-იანი წილი მეორე აზერბაიჯანული კომპანია Gaz Supply Company Limited-ისგან შეიძინა, რომელიც შაჰ-დენიზის ბუნებრივ აირს ყიდის.

„ეს მეტად მნიშვნელოვანი შეთანხმებაა უნგრეთისთვის და მადლობას ვუხდით აზერბაიჯანის მთავრობას ამ შესაძლებლობისთვის,“ - აცხადებს მინისტრი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ MOL შაჰ-დენიზის პროექტის მონაწილე ხდება.

საბადოდან ევროპაში გაზის მიწოდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის ე.წ. სამხრეთკავკასიური გაზსადენით, ასევე, ტრანსანატოლიის (TANAP), შემდეგ კი ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენებით ხდება.

შაჰ-დენიზის საბადოდან ბუნებრივი აირი ჯერ აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალს მიეწოდება, საიდანაც ის სამხრეთკავკასიურ გაზსადენში გადაიქაჩება. საქართველოს გაზმომარაგება სწორედ სამხრეთკავკასიური მილსადენის 30-დუიმიანი განშტოებით ხდება, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში მდებარეობს.

ცნობისთვის: შაჰ-დენიზის საბადოს კვლევის, განვითარებისა და განაწილების შესახებ შეთანხმებას 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა ხელი, ხოლო იმავე წლის 17 ოქტომბერს რატიფიცირებულ იქნა. 2013 წელს საბადოს განვითარების ხელშეკრულების ვადა 2046 წლამდე გაგრძელდა. პროექტში მონაწილე კომპანიები არიან: ოპერატორი, BP (29,99%), „ლუკოილი“ (19,99%), TPAO (19,00%), NİCO (10,00%) და SGC Upstream (21,02%).

საბადოს 140 კვ.კმ ფართობი უჭირავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ