54-სართულიანი სამი ცათამბჯენი შავი ზღვის სანაპირო ზოლში - ვინ აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს?

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირ №1-სა და თამარ მეფის გამზირ №5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, დაგეგმილია 3 ერთეული 54 სართულიანი მრავალფუნქციური მიმართულების მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება: სასტუმრო ნომრები, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული დანიშნულების ფართები, რესტორანი, კაფე-ბარი, ლაუნჯი, საცურაო აუზი, სპა, ჯიმი, საქმიანი შეხვედრის ზონები, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო ზონა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

445794811-902900971855521-533970214252879300-n-1717661811.jpg

„ბლოკების სართულიანობა მიწის ზევით არის 54 სართული, მათ შორის (A და B) ბლოკების პირველი და მეორე სართულები წარმოდგენილია განსხვავებული გეგმარებით, სადაც განთავსდება რესტორნის; კაზინოს; საოფისე და სპა დანიშნულების მქონე სათავსები, ხოლო (C) ბლოკის პირველი და მეორე სართულებზე განთავსდება საოფისე და კომერციული დანიშნულების მქონე სათავსები.

საპროექტო ტერიტორიაზე მიწისქვედა სართულზე მოეწყობა ავტო პარკინგი 450 მანქანაზე. მიწისქვეშა სართულზე მოხვედრა ხდება დამოუკიდებელი პანდუსების საშუალებით, რომლებიც გათვალისწინებულია ორმხრივი მოძრაობისათვის.

445860806-412065111824005-7089036667462247983-n-1717661825.jpg

მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია მდებარეობს ბათუმის ზღვის პირა ნაწილში მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან განლაგებულ ტერიტორიაზე, რომელის ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 4 კმ-ით. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ზღვის სანაპირო და შავი ზღვა, ჩრდილო- აღმოსავლეთის მხრიდან დაბალი ინტენსივობის განაშენიანება, სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან მაღალი ინტენსივობის განაშენიანება და შემდგეგ თამარ მეფის გამზირი ხოლო სამხრეთ დასავლეთის მხრიდან გეგმარებით ერთეულს ემიჯნება მდინარე ყოროლის წყალი.

447568554-473490481760987-4462350623169167599-n-1717661839.jpg

საქართველოს ტერიტორიის სეისმური დარაიონების მიხედვით, საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება 7 ბალიანი სეისმურობის ზონას. მეწყერული დაზიანებისა და საშიშროების თვალსაზრისით არეალი მიჩნეულია საშუალო რისკის დონისად და მიეკუთვნება 0,1-0,3 კატეგორიას,“- აღნიშნულია გეგმაში.

447612641-1177012336758065-7989435180483677512-n-1717661858.jpg

მრავალფუნციური კომპლექსის აშენებას შპს „სიტი გაიდ“ გეგმავს, რომლის 33,33%-იანი წილი მედეა ბოჭორიშვილს, 19,67% - ბუბა ჩანქსელიანს, ხოლო 47%-იანი წილი შპს „იბერკომპანის“ საკუთრებაშია. თავის მხრივ, კომპანია „იბერკომპანის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძეა, რომელსაც კომპანიაში საკუთარი წილი სამართავად ლევან დიასამიძისთვის აქვს გადაცემული.

თაია არდოტელი