ევროკავშირმა ვიზებზე უარის თქმით 130 მლნ ევრო გამოიმუშავა - წელს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება

ევროკავშირის მთავრობებმა გასულ წელს ვიზების გაცემაზე უარის თქმით 130 მლნ ევრო გამოიმუშავეს. ამის შესახებ EUobserver-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში წერია, რომელიც LAGO Collective-ის მიერ შედგენილ მონაცემებს ეყრდნობა.

ცნობისთვის: სავიზო განაცხადზე შედეგის მიუხედავად, შეტანილი საფასური არ ანაზღაურდება.

2023 წელს შენგენის ვიზებზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი 2022 წლის ოდენობაზე მეტია, როცა ამ შემოსავალმა 105 მლნ ევრო შეადგინა. ეს თანხა, სავარაუდოდ, წელს ისევ გაიზრდება, რადგან ევროკომისიის ამა წლის მაისის გადაწყვეტილებით, ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზის საფასური 11 ივნისიდან ზრდასრული პირებისთვის 80-დან 90 ევრომდე იზრდება. გაძვირების მიზეზად ინფლაცია სახელდება.

ვიზებზე უარის თქმით დიდმა ბრიტანეთმა 44 მლნ ფუნტი (50 მლნ ევრო) გამოიმუშავა, ხოლო როგორც ევროკავშირში, ისე დიდ ბრიტანეთში უარყოფილი შენგენის ვიზების ხარჯებში აფრიკისა და აზიის ქვეყნების წილი 90%-ს შეადგენს.

მონაცემები, ასევე, აჩვენებს, რომ ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ვიზიტორთა მოკლევადიან სასტუმრო ვიზებზე განაცხადები ყველაზე მეტად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის არ დაკმაყოფილდა. ამას არაპროპორციულად, განსაკუთრბით, აფრიკის ქვეყნები განიცდიან. კერძოდ, განაში, სენეგალსა და ნიგერიაში უარყოფილი ვიზების მაჩვენებლები 40-50%-ს აღწევს. ამასთან, ევროკავშირის ვიზაზე განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა მაროკოდან და ალჟირიდან დაფიქსირდა.

თავად ევროკავშირის შეფასებით, 27 წევრ ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების, დაახლოებით, ნახევარი ვადაგადაცილებულ ვიზებს უკავშირდება.

ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვების გამოყენება გასულ წელს დაიწყო, რომლის დროსაც 2019 წლის სავიზო კოდექსის 25a მუხლი აამოქმედა. ეს დებულება ევროკავშირს საშუალებას აძლევს, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების უკან დაბრუნების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

24 მაისს ევროკავშირის საბჭომ შენგენის განახლებული სასაზღვრო კოდექსი საბოლოოდ დაამტკიცა. ეს არის წესების კრებული, რომელიც შიდა და გარე საზღვრების მართვას, ასევე, ევროკავშირის გარე საზღვრების გადამკვეთ პირთა სასაზღვრო კონტროლს არეგულირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ