ვის ეკუთვნის 4 კომპანია, რომელიც სახელმწიფომ დღეს ე.წ. შავ სიაში შეიყვანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დღეს ე.წ. შავ სიაში კიდევ 4 კომპანია შეიყვანა. ესენია: შპს „ლაბორატორია ბესთლაბი“, შპს „გრანდმშენი777, სს ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ და შპს „დაგო ჯგუფი“.

როგორც განმარტებაშია აღნიშნული, „ლაბორატორია ბესთლაბს“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ ლაბორატორიული მომსახურებები ევალებოდა, თუმცა, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით, შავ სიაში მოხვდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2021 წელს დაფუძნდა. ამავე მონაცემების მიხედვით, „ლაბორატორია ბესთლაბის“ 50-50%-იან წილებს ფლობენ ნიკო ქველიძე და გვანცა ბელაში, დირექტორია - გელა ბარჯაძე.

შპს „გრანდმშენი777 - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით მოხვდა შავ სიაში. კომპანიას შენობის დასრულების სამუშაოები ევალებოდა. რეესტრის თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა, მისი მფლობელი და დირექტორი ლევანი ბოქოლიშვილია.*

სს ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - შპს „საქაერონავიგაციისთვის“ სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების გაწევა ევალებოდა, თუმცა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს მითითებული, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა გამოიკვეთა. აღნიშნულ კომპანიას აქციონერთა კრება მართავს, სამეთვალყურეო საბჭოს წვერები არიან: დავით ბეჟუაშვილი, ნინო კობახიძე, გიორგი ემირიძე, თეა ბასიაშვილი და დავით ბეჟიაშვილი. გენერალური დირექტორია კახაბერ ამაღლობელი.

თუმცა, აღნიშნული საკითხი "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" მიერ უკვე გასაჩივრებულია სასამართლოში. კომპანიაში აცხადებენ, რომ "როგორც ბაზარზე 7 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად მოქმედი სადაზღვევო კომპანია, კატეგორიულად არ იზიარებს არაკეთილსინდისიერად მიჩნეულ არცერთ საფუძველს".

„დაგო ჯგუფი“ - „თბილსერვის ჯგუფისთვის“ საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის მიწოდების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა სახელმწიფო კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას ედავება. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2017 წელს რეგიტსრირებული კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი არჩილ ბერიძეა.

ნინი ქეთელაური