მთავრობა 2024 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

მთავრობა მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.2%-დან 6%-მდე ზრდის. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ეკონომიკა იმაზე გაცილებით დიდი ტემპით გაიზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კაკაურიძის თქმით, ამის გათვალისწინებით გააუმჯობესეს პროგნოზი.

„აპრილში დაფიქსირდა 11,8%, შესაბამისად, ჯამში 8%-ზე მეტია ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ დაგეგმილ მაჩვენებლებს. ჩვენ განვაახლეთ წლევანდელი პროგნოზი და 5.2%-ის ნაცვლად, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ველოდებით, რომ 6%-მდე გაიზრდება. ასევე, მომდევნო წლებში საშუალო მაჩვენებელი იქნება 5,2%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

მანვე ისაუბრა ინფლაციაზეც და თქვა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ფარგლებში დარჩება.

„არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ამ კუთხით - წელს 2,5% იქნება, მომდევნო წლებში კი, 3%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს, წელს გავალთ 87,7 მილიარდი ლარის ნიშნულზე, მომდევნო წელს - 95 მილიარდზე და უკვე 2028 წლისთვის 120 მილიარდ ლარამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მერი ტაბატაძე