ევროკავშირის წყლების 85% საცურაოდ „შესანიშნავი“ სტატუსით შეფასდა

ევროპაში რეგისტრირებული 22 ათასი ოფიციალური საცურაო ადგილიდან 85% 2023 წელს „შესანიშნავი“ ხარისხით შეფასდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ამ მხრივ კვიპროსი, ავსტრია, ხორვატია და საბერძნეთი ლიდერობენ, სადაც საცურაო ადგილების, მინიმუმ, 95%-ს „შესანიშნავი“ ხარისხის სტატუსი მიენიჭა.

უარესი მდგომარეობაა ალბანეთში, ბელგიაში, ესტონეთში, უნგრეთსა და პოლონეთში, სადაც „შესანიშნავის“ მაჩვნებელს, საშუალოდ, საცურაო ადგილების 70%-ზე ნაკლები აკმაყოფილებს.

საბანაო წყლის ხარისხზე ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს ევროპაში საბანაო ადგილების მხოლოდ 4% არ აკმაყოფილებს. კერძოდ, შვედეთში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და ესტონეთში ცუდი ხარისხი საბანაო ადგილები 3%-ზე მეტია. „უვარგისად“ შეფასებული ადგილები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემდეგი სეზონისთვის, როგორც წესი, იხურება.

მთლიანობაში, 2023 წლის სეზონისთვის ხარისხზე საბანაო წყლის დირექტივის (BWD) მინიმალურ სტანდარტებს ევროკავშირის წყლების 96% აკმაყოფილებდა.

Euronews-ის მიხედვით, ევროპის საბანაო წყლის ხარისხი კარგი პოლიტიკის შედეგად გაუმჯობესდა. გაწმენდამ და მენეჯმენტმა დამაბინძურებლები და პათოგენები შეამცირა, რამაც ოდესღაც დაბინძურებული ურბანული რაიონები ცურვისთვის უსაფრთხო გახადა.

ევროკავშირი BWD-ის სტანდარტით ბლოკის მასშტაბით საბანაო ადგილებს აკონტროლებს. კერძოდ, BWD ამ ტერიტორიებს განსაზღვრავს და საცურაო სეზონს ადგენს, შემდეგ კი სანაპირო თუ გარდამავალი წყლების, ასევე, მდინარეებისა და ტბების მონიტორინგის გეგმას ამუშავებს. დირექტივა საცურაო ან სპა-აუზებს არ ეხება.

დაბინძურებულმა წყალმა გადაყლაპვისას შესაძლოა, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიც არის კუჭის აშლილობა და დიარეა, ასევე, ყურის, თვალისა და სასუნთქი გზების ინფექცია, ზოგჯერ კი უფრო სერიოზული დაავადებებიც.

ცნობისთვის: 2015 წელს პარიზმა ჩაუშვა გეგმა, რომელსაც წლევანდელი ოლიმპიადისთვის მდინარე სენა საცურაოდ უნდა მოემზადებინა. პროექტში 1,4 მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროისთვის პარიზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ეს მოიცავდა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოდერნიზებას სადეზინფექციო მოწყობილობების დამონტაჟებითა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტის, ანუ წვიმის წყლის შესანახი აუზის, „აუსტერლიცის“ (Austerlitz) გახსნას, რომლის ტევადობაც 20 ოლიმპიური საცურაო აუზის ექვივალენტურია. საბოლოოდ, სენის გასწვრივ მდებარე ბრას-მარის, ბრას დე-გრენელისა და ბერსის საცურაო ადგილებზე წვდომა პარიზელებს 2025 წლისთვის, ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ექნებათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ