„ე.წ დემონიზირებული ჰესები პრობლემას უქმნის დენის წარმოებას“ - როგორია ინვესტორების დაინტერესება?

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში "საქმე" საუბრობს ენერგეტიკული ბირჟის შესახებ, რომელიც საქართველოში 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ უნდა გაიხსნას.

მელიქიძის განცხადებით, აღნიშნული ბირჟა ხელს შეუწყობს გენერაციის ობიექტებს, ან კომპანიებს, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებენ, რომ წარმოება და შემოსავლები გაზარდონ. ამასთანავე, ბირჟა წაახალისებს ენერგეტიკულ სექტორს, რათა საქართველოში გენერირების ახალი ობიექტები აშენდეს.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს ინვესტიციების შესახებაც და ამბობს, რომ საქართველოში ენერგეტიკა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ნომერ პირველ ადგილზე დგას.

„ენერგეტიკული სექტორი არის კაპიტალ ტევადი და არის საკმაოდ საინტერესო ინვესტორებისთვის. ბოლო ანგარიში რაც ვნახე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, პირდაპირ ასახელებენ, საქართველოში რომ ენერგეტიკა ნომერ პირველი დარგია, სადაც დიდი პოტენციალია ინვესტიციების მოზიდვის“, - აღნიშნა მელიქიძემ.

მას აქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიმართ. ამავე ნაწილში მელიქიძემ ისაუბრა ჰესებთან დაკავშირებულ პრობლემაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კვლავაც უარყოფითი დამოკიდებულებაა.

„არაერთი ინვესტორი მოსულა კონსულტაციების გასავლელად, თუმცა ამას აქვს მეორე შემხვედრი გამოწვევა და ეს არის ჰესებთან მიმართებაში ადგილობრივი მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება. ე.წ დემონიზირებული ჰესები სერიოზულ პრობლემას უქმნის გენერაციის, ელექტროენერგიის წარმოების მხარეს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბირჟა თავდაპირველად ნაწილობრივ გაიხსნება. საწყის ეტაპზე ბირჟაზე ვაჭრობა დღით ადრე მოდელით განხორციელდება. ამასთანავე, თავდაპირველად ვაჭრობა იმპორტირებული დენით არ იქნება შესაძლებელი.

მერი ტაბატაძე