„მოსავლის 70% განადგურდა - არც ველოდები, რომ რამეს ამინაზღაურებენ“ - ფერმერი

რამდენიმე დღის წინ კახეთში მოსულმა სეტყვამ ადგილობრივები დააზარალა. დედოფლისწყაროს რაიონში, ადგილობრივ ფერმერს, გიორგი გონაშვილს, ბუნებრივმა მოვლენამ მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ ყვება, მას ქერის მოსავლის 70% აღარ აქვს.

„ყველაზე მეტად ქერი დაზარალდა, ასევე სიმინდი და ხორბალი. 5 ჰექტარზე მაქვს გაშენებული ქერი და სეტყვის შემდეგ 70% განადგურდა, 30% კი გადარჩა. გარკვეულწილად დაზიანდა ასევე სიმინდიც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ახლა იზრდება და ნაყოფი ჯერ მცირე ზომისაა, სეტყვამ ვერ მოახერხა მისი დაზიანება და შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა. რაც შეეხება ხორბალს, დაახლოებით 30%-ია დაზიანებული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა ქერის აღების პერიოდია და უკვე მშრალი თავები ჰქონდა, ამიტომ სეტყვამ ის მარტივად გაანადგურა“.

ფერმერი ყვება, რომ მოსავალი დაზღვეული არ ჰქონია. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის ანაზღაურებას, ამ დრომდე მას არავინ შეხმიანებია.

„არც ველოდები, რომ რამეს ამინაზღაურებენ. არც მე და არც ჩემს გარშემო ფერმერებს არავინ შეგვხმიანებია“ - ამბობს ის.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციაში განუცხადეს, წლევანდელმა სეტყვამ კახეთის რეგიონში ძირითადად ერთწლიანი კულტურები დააზარალა, თუმცა ზოგადი სტატისტიკის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.

ეკა დარჩიაშვილი