ფინეთში ელექტროსკუტერებს ავტომობილებივით დააზღვევენ

ფინეთში ელექტროსკუტერები მათმა მფლობელებმა ავტომობილების ანალოგიურად უნდა დააზღვიონ. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძო სარგებლობის ელექტროსკუტერი დაზღვეული უნდა იყოს, თუ ის 25 კილოგრამზე მეტს იწონის და საათში 25 კილომეტრზე მეტ სიჩქარეს ავითარებს. თუ მფლობელმა სკუტერი არ დააზღვია, მისი გამოყენება აეკრძალება.

ასევე, უნდა იყოს დაზღვეული გასაქირავებელი ელექტროსკუტერები, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სავალდებულო დაზღვევა, მათი წონისა და სიჩქარის მიუხედავად, ყველა მათგანს შეეხება.

ავარიის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია მძღოლს მხოლოდ პირველად სამედიცინო ხარჯს აუნაზღაურებს. თუმცა თუ ელექტროსკუტერის მძღოლი მესამე პირს, მაგალითად, ქვეითად მოსიარულეს დააზიანებს, დაზარალებულს სადაზღვევო კომპანია თანხას სრულად გადაუხდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ