აშშ-მა „ქართული ოცნების“ წევრებს, სამართალდამცავებს სავიზო აკრძალვა დაუწესა - შეზღუდვა ათობით მოქალაქეს ეხება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება „ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო.

დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს (ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს „ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს”, - განაცხადა მეთიუ მილერმა.