აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ტრანზიტს 5-7 მლნ ტონამდე გაზრდის. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ზაურ გაჰრამანოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
ამასთან, Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ქვეყნები ბაქო-სუფსის ნავთობსადენით 5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობასაც განიხილავენ, რაზეც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.
„ამჟამად მოლაპარაკებებს ვმართავთ ყაზახეთთან, რომ ამ ქვეყნიდან ნავთობის ტრანზიტი 5-7 მილიონ ტონამდე გავზარდოთ,“ - აცხადებს გაჰრამანოვი.
მისი ცნობით, მიმდინარე ზაფხულს რეკონსტრუქციის შემდეგ აზერბაიჯანის დედაქალაქის მახლობლად მდებარე დიუბენდის ნავთობტერმინალი გაიხსნება, რომლის გამტარუნარიანობაც წელიწადში 10 მლნ ტონას შეადგენს. ტერმინალის ამოქმედება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს წელიწადში 20-25 მლნ ტონამდე გაზრდის.
Reuters იხსენებს, რომ მარტში SOCAR-მა და “ყაზმუნაიგაზმა” ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ აზერბაიჯანის გავლით ბთჯ-ის სისტემაში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 2,2 მლნ ტონამდე თანდათან გაიზრდებოდა. სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბთჯ-ის მილსადენისთვის ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა 1,4 მლნ ტონა შეადგინა. წელს ამ მოცულობის 1,7-1,8 მლნ ტონამდე, ხოლო 2025 წელს 2,2 მლნ ტონამდე გაზრდა არის დაგეგმილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ