„ადამიანებს სურთ უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ ფრთხილობენ - არსებობს შიშები ბინის მესაკუთრეების მხრიდან“

„ადამიანებს სურთ უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ ფრთხილობენ,“ - ამის შესახებ "ნოუბლ რიალ ისთეითის" თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, დარგი დაპაუზებულია.

„უძრავი ქონების ბაზარი ძალიან სენსიტიურია. ახლა ამ დარგის წარმომადგენლები აკვირდებიან პროცესებს. ამ ეტაპზე ჩვენს, ისევე როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარგი დაპაუზებულია, დაკვირვების რეჟიმშია. ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ შეიძინონ ქონება, თუმცა, ფრთხილობენ, რაც ბუნებრივიცაა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ თვალშისაცემ რყევას ბაზარზე, რომ ფასი ან საგრძნობლად გაიზარდა ან პირიქით შემცირდა.

ჩვენი კომპანია საკმაოდ მსხვილ დამკვეთებს ემსახურება, როგორიცაა: საელჩოები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ. ამ მიმართულებითაც არსებობს შიშები, იგივე ბინის მესაკუთრეების მხრიდან, რაც საკმაოდ ჯანსაღი და ბუნებრივია. მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის დამკვეთი არის სტაბილური გრძელვადიანი და ბინის მესაკუთრეც არის მშვიდად. ახლა კი როდესაც ასეთი სიტუაცია და ქაოსია, რა თქმა უნდა, არსებობს შიში იმისა, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაძლოა შეამცირონ მისიები. მინდა სწორად მივიტანო ინფორმაცია ჩვენს მოქალაქეებამდე - მშვიდად, ფხიზლად უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ ვითარებას ბაზარზე რა იქნება, რადგან პანიკის დათესვა ძალიან ცუდია,“- განაცხადა მებაღიშვილმა.

თაია არდოტელი